საქართველოს განათლების სისტემა

III ნაწილი (დასაწყისი იხილეთ წინა ორ პოსტში)

საგნობრივი სტანდარტის შემუშავების შემდეგ ამ სტანდარტის მიხედვით იწერება სასკოლო სახელმძღვანელო. სახელმძღვანელო კი სკოლაში მხოლოდ მაშინ მოხვდება, თუ ის მონაწილეობას მიიღებს და გაიმარჯვებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ გრიფირების კონკურსში. Gამდენად, გრიფირების კონკურსის სამართლიანად და მიუკერძოებლად ჩატარება საზოგადოების უმთავრესი საზრუნავი უნდა იყოს – სწორედ ამაზეა დამოკიდებული სახელმძღვანელოების ხარისხი. სამწუხაროდ, ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი, სინამდვილეში როგორ მიმდინარეობს სახელმძღვანელოების გრიფირება.
ღეფორმის განხორციელების პროცესში ვიხილეთ რამდენიმე ურთიერთსაწინააღმდეგო მიდგომა სახელმძღვანელოების ბაზრის მიმართ – ხან წრესგადასული ლიბერალიზმი – 5-6, ზოგჯერ – 10-11 სახელმძღვანელოს დაშვება თითოეულ საგანში, ანუ სახელმძღვანელოს გრიფირების კონკურსის ერთგვარი პროფანაცია (რაც წიგნების ხარისხის დაცემის ფონზე მასწავლებლების მაქსიმალურ დაბნეულობას იწვევდა) და ხან – 1-2 სახელმძღვანელოთი შემოფარგვლა, რაც ავტორებსა და გამომცემლობებს შორის არაჯანსაღ კონკურენციას ამკვიდრებს და ამ სფეროში კორუფციისა და ამ გზით კონკურსში დაბალი ხარისხის სახელმძღვანელოების გასვლის საშიშროებას ქმნის, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე სახელმძღვანელოების სერიას ეხება, რისი ნათელი დამადასტურებელი მაგალითებიც იყო სახელმძღვანელოების გრიფირების წლევანდელი და შარშანდელი კონკურსები.

ამიტომ:
გრიფირების კონკურსი უნდა გამოცხადდეს მისი შესაძლო შედეგების წინასწარ გააზრების შემდეგ. მუდმივმა ცვლილებებმა ამ სფეროში გამოიწვია ის, რომ ზოგიერთ საგანში (მაგ., საბუნებისმეტყველო საგნებში) ბოლო წლებში თითოეული კლასი სწავლობს არა უშუალოდ მისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოთი, არამედ ორი ან მეტი კლასის სახელმძღვანელოთი ერთდროულად, ან საერთოდ არ სწავლობს რომელიმე კლასის მასალას.

  •  გაიზარდოს კონკურსის გამოცხადებიდან სახელმძღვანელოების წარდგენამდე არსებული პერიოდი, რადგან რამდენიმე თვე საკმარისი არ არის სრულფასოვანი სახელმძღვანელოს შესაქმნელად (ამ მხრივ განსაკუთრებით კატასტროფული იყო ბოლო ორი წლის კონკურსები, სადაც 6-6 კლასის სახელმძღვანელოები უნდა წარდგენილიყო თითოეულ საგანში).გარდა ამისა, ეს გამორიცხავს სახელმძღვანელოების ბაზარზე ახალი, ნიჭიერი ავტორების შემოსვლას, რადგან წელიწადში 4-6 სრულიად ახალი წიგნის დაწერა შეუძლებელია, ძველი ავტორები კიხშირად თავიანთი უკვე არსებული სახელმძღვანელოების გადაკეთებითა და კომპილაციით გადიან ფონს.
  • რაკი გრიფირების კონკურსის მიზანი სახელმძღვანელოების ხარისხის ამაღლებაა, შეიძლება ნებისმიერ სახელმძღვანელოზე კონკურსი გამოცხადდეს ყოველ წელს (რაც არ გულისხმობს უკვე გრიფირებული სახელმძღვანელოების ხელახლა გადამოწმებას). ეს ხელს შეუწყობს ახალ ავტორებს, თანდათანობით ჩაებან სახელმძღვანელოების შექმნის პროცესში.
  •  დამოუკიდებლად იქნას განხილული თითოეული კლასის სახელმძღვანელო და არა სახელმძღვანელოთა სერია, რათა სერიიდან ერთი სახელმძღვანელოს მიერ ქულობრივი ბარიერის გადაულახაობამ სერიის დანარჩენი სახელმძღვანელოების ბედზე არ იმოქმედოს.
  •  დაბლა იქნას დაწეული გრიფირების კონკურსში გამარჯვებისთვის ბატონ დიმიტრი შაშკინის მინისტრობის პერიოდში დაწესებული 90%-იანი ბარიერი(შეგახსენებთ, რომ წინა წლებში გადასალახი იყო 51%-იანი ბარიერი და მაინც ბევრი სახელმძღვანელო ვერგადიოდა კონკურსში). ასეთი მაღალი ბარიერი იძლევა იმის საშუალებას, რომ კონკრეტული წიგნის ბედი ზოგჯერერთადერთმასუბიექტურმა ექსპერტმა გადაწყვიტოს და თან ისე, რომ ეჭვებიც კი არ აღძრას _ საკმაოდ მაღალი ქულების დაწერის ფონზე მაინც ჩააგდოს სახლემძღვანელო. უნებლიეთ ჩნდება ეჭვი, რომ 90%-იანი ბარიერი სპეციალურად დაწესდა სწორედ `ძლიერთა ამ ქვეყნისათათვის~ არასასურველი გამომცემლობებისა და ავტორების სახელმძღვანელოების ჩასაგდებად.
  •  შემცირდესსახელმღვანელოების შეფასების კრიტერიუმების რაოდენობა, რადგან შეუძლებელია, ექსპერტი არ დააბნიოს ამდენმა კრიტერიუმმა. ამასთან, 35-40 კრიტერიუმის მიხედვით სხვადასხვა ექსპერტის შეფასებას შორის თითოეულ კრიტერიუმში არსებული თუნდაც 1-ქულიანი სხვაობა ჯამში იწვევს 40-ქულიან სხვაობას და პრაქტიკულად წყვეტს სახელმძღვანელოს ბედს. ან რა სანდოა შეფასების ისეთი სისტემა, როცა სხვადასხვა ექსპერტის მიერ ერთი და იმავე სახელმძღვანელოს შეფასებაში 40-50%-იანი განსხვავების მიღების შესაძლებლობას ქმნის?
  •   დღეისათვის მოქმედი გრიფირების წესის მიხედვით (წინა წლებში მოქმედი წესისაგან განსხვავებით), ექსპერტებს არ აქვთ ერთსა და იმავე საგანსა და კლასში საკონკურსოდ წარდგენილისხვადასხვა კონკურენტი სახელმძღვანელოს შედარების შესაძლებლობა (თითოეული ექსპერტი მხოლოდ ერთი ავტორის/გამოცემლობის სერიას ამოწმებს), რაც კიდევ უფრო ზრდის სახელმძღვანელოებისადმი სუბიექტური მიდგომის ალბათობას. უმჯობესია, თითოეული ექსპერტი მოცემული საგნისა და კლასის ყველა საკონკურსო სახელმძღვანელოს ეცნობოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში გრიფირების კონკურსი აზრს ჰკარგავს.
  •   ექსპერტიზის დასკვნით ეტაპზე უნდა ხდებოდეს სახელმძღვანელოს ჯგუფური განხილვა, რაც კოლეგიალური კონტროლის საშუალებას შექმნის და მინიმუმამდე დაიყვანს ერთი მხრივ, სუბიექტივიზმის, ხოლო მეორე მხრივ _ კორუფციის საშიშროებას. ცალკეული ექსპერტების დასკვნების (როგორც ტექსტუალური, ისე ქულობრივი შეფასებების) შეჯერების საფუძველზე უნდა დაიწეროს ერთიანი დასკვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ისე მოხდეს, რომ ერთმა ექსპერტმა თავისი არაპროფესიონალიზმის, სუბიექტივიზმის ან არაკეთილსინდისიერების მიზეზით სავსებით შეცვალოს შედეგი, რის გამოც გრიფი არ მიენიჭება კარგ სახელმძღვანელოს ან პირიქით, რასაც ხშირად ჰქონდა ადგილი ბოლო ორი კონკურსის დროს.
  •   გრიფირების წესში აუცილებლად უნდა დაბრუნდეს აპელაციის მექანიზმი, თუმცა არა იმ ფორმით, რა ფორმითაც იგი წინა წლებში არსებობდა (სააპელაციო კომისია შედგებოდა იმავე ექსპერტებისაგან, რომლებიც გრიფირების კონკურსში აფასებდნენ სახელმძღვანელოებს).  ამის გამო აპელაცია სრულიად ფორმალურ ხასიათს ატარებდა.
  •   აუცილებელია, მკაცრად “გასაიდუმლოებული”, ე.წ. ანონიმური ექსპერტები სახელმძღვანელოს შეფასების შემდეგ მაინც გახდნენ ცნობილი. ეს აამაღლებს მათ პასუხისმგებლობას, ხოლო საზოგადოებას აღარ გაუჩნდება უნდობლობა მათი ობიექტურობის ხარისხის მიმართ. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ რეცენზიები 2011წლის კონკურსში ჩავარდნილ სახელმძღვანელოებზე განათლების სამინისტრომ ეროვნულმა ცენტრმა საერთოდ არ გადასცა გამომცემლობებს, რითაც ავტორებს სამომავლოდ შენიშვნების გათვალისწინების საშუალება მოუსპო.
  •   კონკურსზე წარდგენილი ყველა სახელმძღვანელო ექსპერტების შეფასებამდე დაიდოს სამინისტროს ვებ-გვერდზე, რათა დაინტერესებულმა საზოგადოებამ თვითონ იმსჯელოს მის ავ-კარგზე; ექსპერტების მიერ შეფასების შემდეგ კი ავტორს გადაეცეს წერილობითი შენიშვნები, ხოლო შემდეგ მოხდეს სახელმძღვანელოს საჯარო განხილვა, რომლის დროსაც ექსპერტი და ავტორი დაიცავენ თავიანთ მოსაზრებებს. ამგვარი გამჭვირვალება რომ ყოფილიყო 2012 წლის გრიფირების კონკურსზე, აღარ გაჩნდებოდა ეჭვი, რომ ზოგიერთმა გამონცემლობამ გარკვეული წიგნები საექსპერტო კომისიას საკონკურო ვადაში კი არ წარუდგინა, არამედ, გაცილებით გვიან, რადგან 2012 წლის 1 მარტს ეს წიგნები არ არსებობდა.
  •  თუ მოცემული საგნის სწავლებისთვის აუცილებელია სხვა საგნებში შესწავლილი მასალის გათვალისწინება (მაგ. ქიმია-ფიზიკა-ბიოლოგია-მათემატიკა), სახელმძღვანელოს ექსპერტიზაში ჩაერთოს ამ საგნების თითო სპეციალისტიც, რომელიც განსაზღვრავს, მიზანშეწონილია თუ არა ამა თუ იმ დონეზე კონკრეტული მასალის გამოყენება.
  • სახელმძღვანელოს კონკურსზე შესატანი გადასახადი (რომელიც 2011 წელს შემოიღეს და შეადგენდა 500 ლარს თითო კომპლექტზე, ხოლო 2012 წელს გაიზარდა 1600 ლარამდე) ან უნდა გაუქმდეს  , ან გონივრულ ზომამდე შემცირდეს და, ერთდროულად, უზრუნველყოფილი იქნეს ამ თანხების მოხმარების მაქსიმალური გამჭვირვალობა.
  •  თავისთავად საკამათოა სახელმძღვანელოს ღირებულების ზედა ზღვრის – 10 ლარის – დაწესებაც. ზოგიერთი სახელმძღვანელოსთვის ეს თვითღირებულებაა, ამიტომ გამომცემლობა იძულებული ხდება, 100-გვერდიან სახელმძღვანელოსაც იგივე ფასი დაადოს, რაც 400-500 გვერდიანს. უფრო მეტიც: 2011 წელს ეს პრობლემა ზოგიერთმა გამომცემლობამ საკმაოდ გონებამახვილურად გადაწყვიტა, ასე მაგალითად, II კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო ორად გაიყო და თითოეულს ფასი 8 ლარი დაედო. ჯამში სახელმძღვანელოში მშობლებმა გადაიხადეს 16 ლარი. დაწესებულ ზღვრებში ვერ ჩაეტია მაკმილანის ინგლისური ენის სახელმძღვანელოებიც, რომლებიც 10 ლარზე გაცილებით ძვირად იყიდებოდა, თანაც კონკურენციის გარეშე.
  • ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის გამო, მიზანშეწონილი გვგონია სახელმძღვანელოს ფასის განსაზღვრა ტირაჟისა და მოცულობის მიხედვით.
  • სახელმძღვანელოების გრიფირების ბოლო ორი (2011 და 2012 წლების) კონკურსი იმდენად არაობიექტურად ჩატარდა და იმდენად დააზარალა, ერთი მხრივ,გამომცემლობები (რომლებიც რამდენიმე წელი უნდა ელოდონ მომდევნო კონკურსს) და მეორე მხრივ  ბავშვები(რომლებსაც წილად ხვდათ, ისწავლონ უხარისხო და ზოგჯერ   კორუფციული გარიგებების წყალობით გასული სახელმძღვანელოებით), რომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ახლო მომავალში გამოცხადდეს დამატებითი კონკურსი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებისთვის გრიფის შენარჩუნების პირობით.
  • და კიდევ ერთი მტკივნეული საკითხი  მასწავლებლებს არ აქვთ სახელმძღვანელოს არჩევანის საშუალება, რადგან მათ ავალებენ არჩევანის გაკეთებას მაშინ, როდესაც წიგნები ჯერ გამოცემული არ არის.  ამიტომ ისინი იძულებული არიან, ან ბრმად აირჩიონ წიგნი (უკეთეს შემთხვევაში), ან უდრტვინველად დაემორჩილონ დირექციის, რესურს ცენრტის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების და სხვათა დიქტატს.

Leave a comment

Filed under Uncategorized

საქართველოს განათლების სისტემა

II ნაწილი (დასაწყისი წინა პოსტში)

სკოლაში სწავლება დამაგვირგვინებელი რგოლია ჯაჭვისა: ეროვნული სტანდარტები – სასკოლო სახელმძღვანელოები. ამიტომ სწავლების მაღალ დონეზე ლაპარაკი უაზრობაა, სანამ არ მოწესრიგდება ეროვნული სტანდარტების საკითხი. სწორედ ამ თემას შეეხება ჩვენი შენიშვნებისა და რეკომენდაციების მეორე ნაწილი.

ეროვნული სტანდარტები

– სტანდარტის შედგენამდე გააზრებული უნდა იქნას არსებული რეალობა და რომელიმე ქვეყანაში აპრობირებული განათლების მოდელი, თუნდაც ძალიან წარმატებული, მექანიკურად არ უნდა ჩაინერგოს სრულიად უცხო ნიადაგში. მაგალითად, საკმაოდ მოდური `კეთებით სწავლება~ შეუძლებელია სკოლებში სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობისა და კლასში მოსწავლეთა შეუზღუდავი რაოდენობისპირობებში; ასევე მოქმედი სტანდარტისათვის დამახასიათებელი ე.წ. “სპირალზე სვლა” იწვევს სხვადასხვა კლასში მასალის მექანიკურ გამეორებას, თუ სტანდარტში წინასწარ დაწვრილებით არ განისაზღვრა, სპირალის რომელ ხვიაზე რომელი საკითხები უნდა ვასწავლოთ და რა მოცულობით.
– ზემოთქმულიდან გამომდინარე, სტანდარტით გათვალისწინებული საკითხები დეტალიზებული უნდა იქნეს იმ ზომით, რომ სახელმძღვანელოში პროგრამული საკითხების გაშუქების სიღრმე და თანმიმდევრობამარტო ავტორის კვალიფიკაციასა და გემოვნებაზე არ იყოს დამოკიდებული. გარდა ამისა, ეს ქმნის ნოყიერ ნიადაგს სახელმძღვანელოს შემფასებელთა სუბიექტივიზმისა და ზოგიერთ შემთხვევაში – სამწუხაროდ, არაკეთილსინდისიერებისათვისაც კი.
– სტანდარტი უნდა იძლეოდეს ლოგიკურად გამართული, თანმიმდევრულად აგებული სახელმძღვანელოების შექმნის საშუალებას. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, თვით სტანდარტი უნდა იყოს თანმიმდევრული. ამისთვის საჭიროა, სტანდარტებიშეადგინონკონკრეტული დარგების მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა. ამასთან, სტანდარტის პროექტი განხილული უნდა იქნას საჯაროდ, განსაკუთრებით, მასწავლებელთა მონაწილეობით.
– მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბოლო ხანებში, ზოგიერთ საგანში ინგლისურენოვანი წყაროებით ინტენსიური სარგებლობის მიზეზით, შეიმჩნევა ტერმინოლოგიის სხვადასხვაგვარი, ხშირად არაკვალიფიციური თარგმანი და, შესაბამისად, მისი სიჭრელე, რაც მოსწავლეებისთვის დამაბნეველია. არის შემთხვევები, როცა სასკოლო სტანდარტში ერთი ტერმინია გამოყენებული, ხოლო ეროვნული გამოცდებისთვის განკუთვნილ სტანდარტში – მეორე. ამიტომ აუცილებელია, სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ (რომელშიც შევლენ როგორც კონკრეტული დარგის, ისე ენის სპეციალისტები) იმუშაოს ქართული ტერმინოლოგიის შემუშავება-დაზუსტებაზე.
გაგიზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს ზოგიერთი კონკრეტული საგნის სწავლების სტანდარტით გათვალისწინებულ საკითხებზეც, რომელთა გადასაწყვეტად ოპტიმალური გზის მოძებნაა აუცილებელი:

ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების სქემა

ბოლო წლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები, განსაკუთრებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე, მასობრივად უჩივიან ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ფარგლებში ენის საკითხების ერთგვარი იგნორირების ტენდენციას, რის მიზეზადაც უმრავლესობას არსებული სახელმძღვანელოები მიაჩნია. სინამდვილეში სახელმძღვანელოს ავტორები და გამომცემლობები ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს პასუხობენ და ამ პრობლემის მიზეზიც, შესაბამისად, ეროვნულ სასწავლო გეგმაში უნდა ვეძებოთ.
ეროვნული სასწავლო გეგმა ითხოვს ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებულ სწავლებას. ენის, როგორც ზეპირი და წერითი მეტყველების ჩამოყალიბების უზრუნველმყოფი ფუნქციური ინსტრუმენტის, შესწავლა ლიტერატურასთან ინტეგრირებით, შესაძლოა, გამართლებულიც იყოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს მიდგომა მნიშვნელოვნად ზღუდავს სახელმძღვანელოში ენის საკითხების სისტემური წარმოდგენისა და სწავლების შესაძლებლობას.
აღნიშნულის გარდა, მასწავლებლებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია საგნის სწავლებაზე გამოყოფილი კვირეული საათების მკაფიოდ განაწილება ცალ-ცალკე ენასა და ლიტერატურაზე.

საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების სქემა

ბოლო წლებში მუდმივად მოუგვარებელ პრობლემად იქცა საბუნებისმეტყველო საგნების (ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის) სწავლების ოპტიმალური სქემის მიგნება. იყო რამდენიმე ნაჩქარევი და გაუაზრებელი მცდელობა ამ სისტემის მოდერნიზაციისა, თუმცა ყველა მათგანი წარუმატებელი აღმოჩნდა და შედეგად მოსწავლეთა ცოდნის დონის კატასტროფული დაცემა მოიტანა.
ამ ეტაპზე განსაკუთრებით გაუმართლებლად მიგვაჩნია VII კლასში საბუნებისმეტყველო საგნების – ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის – ინტეგრირებულად სწავლება ერთი მასწავლებლის, უფრო ხშირად, ბიოლოგის მიერ, რაც მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის დანარჩენი საგნების სწავლების პროცესს. მითუმეტეს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის საბუნებისმეტყველო საგნების VII კლასის სტანდარტი სამივე საგნის საკმაოდ სერიოზულ შინაარსს გვთავაზობს და მისაღწევი შედეგების ჩამონათვალიც თითოეული საგნის შინაარსის ადეკვატურია.
აღნიშნული იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ცალსახად ვიწუნებთ ფიზიკა-ქიმია-ბიოლოგიის ინტეგრირებული სწავლების სქემას, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც არც ამ სქემას მორგებული სტანდარტი არსებობს, არც – სახელმძღვანელო და არც – მასწავლებელი, მისი განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.
საერთოდ, როდესაც რაღაც სიახლეს ვთავაზობთ სკოლას ისე, რომ მისი რეალიზების არანაირი საფუძველი და რესურსი არ გაგვაჩნია (ჩვენ!), ეს სიახლე ჩანასახშივე კრახისთვისაა განწირული, ამიტომ, ასეთ “ახალს” ისევ აპრობირებული ძველი მოდელები უნდა ვამჯობინოთ (გარკვეული დროით მაინც). ამიტომ ვფიქრობთ, მოსწავლისთვის, მასწავლებლისთვის და საბოლოო ჯამში – სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის გაცილებით მომგებიანი იქნებოდა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების იმგვარი სქემა, რომელიც დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასებში) საგან ბუნების სწავლების პროცესში მიღწეული შედეგების საფუძველზე შესაძლებელს გახდის ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის დამოუკიდებელი კურსების თანმიმდევრულ შესწავლას VII-XI კლასებში.

უცხო ენების სწავლების სქემა

სერიოზულადაა გადასახედი საქართველოს საჯარო სკოლებში უცხო ენების სწავლების სისტემა. ინგლისური ენის სწავლების საკითხი გარკვეულია, თუმცა ეს ხშირად უკმაყოფილებას იწვევს მშობლებში, ვინაიდან იგი თავს მოხვეულად და იძულებად მიაჩნიათ. გარდა ამისა, ზოგიერთ რაიონში უჭირთ კვალიფიციური კადრები ამ ენაში მაშინ, როდესაც ჰყავთ სხვა უცხო ენების გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში წარმატებით ასწავლიდნენ მოზარდ თაობას ფრანგულს, გერმანულს, თუნდაც, რუსულს. ვფიქრობთ, სკოლას უნდა ჰქონდეს გარკვეული ავტონომია პირველი და მეორე უცხო ენების არჩევისა და თანმიმდევრული სწავლების საკითხებში.
გარდა ამისა, მასწავლებლებს სერიოზულ პრობლემას უქმნის უცხო ენის სახელმძღვანელოების დონისა და კლასის შესაბამისობის დადგენა (8 დონე ექვს კლასზე), რაც ასევე მოითხოვს გარკვეული სიცხადის შეტანას და გამარტივებას.
აღსანიშნავია ერთი გარემოებაც: გასულ სასწავლო წელს ინგლისური ენის სწავლება დაიწყო II კლასიდან, მიმდინარე წელს – პირველი კლასიდან. აქედან გამომდინარე, წლევანდელი მესამეკლასელები იძულებულნი არიან, ერთ სასწავლო წელს გაიარონ ორი დონე – II და III.

გაგრძელება შემდეგ პოსტში

Leave a comment

Filed under Uncategorized

საქართველოს განათლების სისტემა

პირველი ნაწილი

 

შენიშვნები და რეკომენდაციები

უკვე რამდენიმე წელია, რაც გამომცემლობა “დიოგენე” აქტიურადაა ჩაბმული სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნის საქმეში. ჯერ კიდევ განათლების სისტემის რეფორმის დაწყებამდე მას გარკვეული გამოცდილება ჰქონდა სასწავლო მასალის გამოცემის მხრივ, დღეისათვის კი გამომცემლობის აქტივში ასზე მეტი სასკოლო სახელმძღვანელო ირიცხება.

წლების განმავლობაში სახელმძღვანელოებზე მუშაობამ საშუალება მოგვცა, ქართული განათლების სისტემის შესახებ ნათელი წარმოდგენა შეგვქმნოდა და მისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეები დაგვენახა. ვფიქრობთ, ინტერესმოკლებული არ იქნება, თუ ჩვენს მოსაზრებებს მოცემულ საკითხზე ფართო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი, პედაგოგებს გავუზიარებთ და ჩვენს შენიშვნებსა და რეკომენდაციებს განათლების არსებული სისტემის მიმართ დისკუსიის საგნად ვაქცევთ. ეს მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ზემოხსენებული სისტემის გაჯანსაღების პროცესში.
საკითხები, რომელთა ხელახალი გააზრება აუცილებლად მიგვაჩნია, მათი აღქმის გაადვილების მიზნით, რამდენიმე ბლოკად დავყავით. მათ თანდათანობით, რიგ-რიგობით შემოგთავაზებთ. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ შესაბამის რეკომენდაციებსაც. იმედი გვაქვს, საზოგადოების დაინტერესებულ ნაწილთან თანამშრომლობის პროცესში ჩვენი შენიშვნებიცა და რეკომენდაციებიც უფრო დაიხვეწება და გამრავალფეროვნდება.

განათლების რეფორმა
იმ რეფორმათა შორის, რომელთა გატარება დაიგეგმა პოსტსაბჭოთა პერიოდში საქართველოს სახელწიფოს აღმშენებლობისათვის, ყველაზე მთავარი განათლების რეფორმა იყო, ვინაიდან მხოლოდ გააზრებულ და თანმიმდევრულ განათლების პოლიტიკას შეეძლო, გადაეწყვიტა ჩვენი საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანესი ამოცანა – უზრუნველეყო იმგვარი ახალი თაობის აღზრდა, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა მეტი ცოდნით, მეტი უნარებით და, რაც მთავარია, – იმ ცნობიერებით, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია თანამედროვე ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული სახელმწიფოს არსებობა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა სახელმწიფომ გარდამავალ პერიოდში თითქმის ვერცერთ სფეროში ვერ შეძლო სათანადო რეფორმების გატარება და, აქედან გამომდინარე, – პროგრესის მიღწევა, ყველაზე მნიშვნელოვანი უკუსვლა მაინც განათლების სფერომ განიცადა. რაც არ უნდა პარადოქსალურად მოგვეჩვენოს, სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ჩვენი სახელმწიფო თავისი დამოუკიდებლობის 21-ე წლისთავზე უმძიმეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და, რაც მთავარია, მორალურ კრიზისში აღმოჩნდა და ვერც გამოვა ამ კრიზისიდან, თუ განათლება ახლა მაინც არ გახდება მისთვის პრიორიტეტული.
– უკანასკნელი 10 წლისგანმავლობაში განათლების სისტემაში მოხდა ბევრი, უმეტესწილად, გაუაზრებელი  ცვლილება და ეს ყველაფერი რატომღაც რეფორმის სახელით მოინათლა, მიუხედავად იმისა, რომ მას არავითარი პოზიტიური შედეგია რმოუტანია. რეფორმამ რომ მიზანს ვერ მიაღწია, ამას ბევრმა გარემოებამ შეუწყო ხელი. უპირველეს ყოვლისა, ახალი რეფორმის წამოწყებისთანავე საჭირო იყო ფართო საზოგადოებაში დისკუსიის გამართვა, რეფორმის მიზნისა და, იქვე, იმ კრიტერიუმების განსაზღვრა, თუ როდის და რა გზით უნდა შეფასებულიყო მისი ეფექტურობა.
აღნიშნულთან ერთად, რეფორმის განხორციელებას ხელი სხვა მიზეზებმაც შეუშალა, მაგალითად, განათლების მესვეურთა კადრების ხშირმა ცვლამ (რასაც თან ახლდა ურთიერთსაწინააღმდეგო, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები), არასათანადო დამოკიდებულებამ მასწავლებლების მიმართ, ეროვნული სასწავლო გეგმის ხარვეზებმა, სახელმძღვანელოების გრიფირების წესის ასევე ხშირმა ცვლამ, მისმა ახარვეზებმა, სერიოზულმა დარღვევებმა გრიფირების კონკურსის მსვლელობაში და სხვ.

რესურსცენტრები
ალბათ, გაგვიჭირდება, მოვძებნოთ განათლების დარგის სპეციალისტი, რომელიც ზუსტად თუ არა, დაახლოებით მაინც აგვიხსნის, რა როლს ასრულებდა განათლების სისტემის ეს რგოლი რეფორმის განხორციელებაში; რატომ აქვთ მათ საუკეთესო მატერიალურ-ტექნიკური პირობები და არცთუ დაბალი ანაზღაურება? რაში იყენებენ რესურსცენტრები ამ სიკეთეებს? ერთგვარი კურიერის (სკოლებისთვის სხვადასხვა სახის სასწავლო მასალების ან ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტაციის გადაცემის) ფუნქციის შესრულებაში? ან იქნებ იმაში, რომ დაბეჩავებულ მასწავლებელებს ხშირად სახელმძღვანელოების არჩევაში “ეხმარებიან”?

მასწავლებლები
უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საქართველოში მასწავლებლის პროფესია დაბალანაზღაურებადი და ნაკლებ პრესტიჟული გახდა, რითაც მისი იმიჯი შეილახა მთელი საზოგადოების და, რაც ყველაზე უარესია, მოსწავლეთა თვალში. ამან განაპირობა სკოლიდან მაღალკვალიფიციური კადრების გადინება; კადრებში გენდერული ბალანსის მკვეთრად დარღვევა (სკოლაში თითქმის აღარ დარჩა მამაკაცი მასწავლებელი); გაწყდა თაობებს შორის კავშირი. ამ და კიდევ სხვა მიზეზების გამო საბოლოო ჯამში მივიღეთ მოსწავლეთა ცოდნის დონის კატასტროფული დაცემა. სკოლამ, ფაქტობრივად, დაკარგა თავისი სასწავლო-აღმზრდელობითი ფუნქცია.
სამწუხაროდ, ისედაც დაგვიანებული რეფორმა ყველაზე ნაკლებად სწორედ მასწავლებელს შეეხო, არადა განათლების რეფორმის განხორციელების მთავარი პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო მასწავლებელთა მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, რაც, თავის მხრივ, ორი მიმართულებით უნდა წარმართულიყო: საუნივერსიტეტო განათლების ხარისხის გაუმჯობესებით და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფით. ასევე აუცილებელი იყო მასწავლებლის შრომის გონივრული, სტიმულის მიცემი ანაზღაურების უზრუნველყოფა და მისი სოციალური სტატუსის ამაღლებაზე ზრუნვა.
რა თქმა უნდა, ამდაგვარი არაფერი მომხდარა და ამ აზრის დამადასტურებელი უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება.ავიღოთ, თუნდაც, მასწავლებლების კადრების შერჩევის საკითხი რეფორმი სმიმდინარეობის პროცესში. მთელი ამ წლების განმავლობაში აქაც,ისევე, როგორც ყველგან, კადრების შერჩევისას იმდენად საგნისაა და პედაგოგიური მეთოდოლოგიის ფლობა არ ფასობდა, რამდენადაც ინგლისურისა და კომპიუტერის ცოდნა, ხოლო პედაგოგიურ გამოცდილებაზე მეტად _ ახალგაზრდული ასაკი (ნიშანდობლივია, რომ დღესაც მასწავლებელს ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შედეგად უფრო მეტად ეზრდება ხელფასი, ვიდრე პროფესიული უნარებისა და სპეციალობის ჩაბარებისას).
კვლავ პრობლემად რჩება მასწავლებელთა საუნივერსიტეტო განათლების დაბალი დონე, მაგისტრატურაში სწავლის გამგრძელებელთა რაოდენობის შემცირება (ბაკალავრებს არ უღირთ მნიშვნელოვანი ხარჯების გაწევა სამაგისტრო პროგრამების ასათვისებლად პედაგოგისუკიდურესადმწირი სახელფასო პერსპექტივის ფონზე. შედეგად – კვალიფიციური კადრების კატასტროფული დეფიციტი საბაზო და, განსაკუთრებით, საშუალო საფეხურებზე სულ მალე სამწუხარო რეალობად იქცევა).
ამგვარად, დღესაც, რეფორმის დაწყებიდან 10 წლის თავზე, სკოლა კვლავ რჩება მხოლოდ ადამიანთა სოციალური დასაქმების ერთგვარ კერად, რომელიც მასწავლებელს უზრუნველყოფს გარკვეული საარსებო მინიმუმით, ხოლო მოსწავლეს და მის მშობელს უქმნის ილუზიას, რომ ბავშვი ქუჩაში არ არის, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სკოლამ ეს “ფუნქციაც” კი ვერ შეასრულა და რეფორმის დასასრულს საჭირო გახდა მანდატურთა ინსტიტუტის შექმნა, რაც ფაქტობრივად რეფორმის გამტარებელთა სრულ კაპიტულაციაზე მიუთითებს. ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლა არათუ სათანადო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით ვერ აღჭურვავს ბავშვს, არამედ ვერ უზრუნველყოფს აუცილებელი, თუმცა სკოლისთვის არაძირითადი ამოცანის გადაწყვეტას – ბავშვის უსაფრთხოების დაცვას.
რაც შეეხება თვით მასწავლებლების დამოკიდებულებას რეფორმისადმი,მათ ნაწილს ჰქონდა გულგრილი, ნაწილს – მტრული და ყველას ერთად კი – არაკომპეტენტური დამოკიდებულება რეფორმის არსისა და მიმდინარეობის მიმართ, რაც, ერთი მხრივ, მათი დაუინტერესებლობით აიხსნება, ხოლო მეორე მხრივ – განათლების მესვეურთა არასწორი პოლიტიკით ამ სფეროში. არც რეფორმის გატარებამდე და არც მის პროცესში არავის უცდია მასწავლებლების გათვითცნობიერება რეფორმის არსის, მისი ცალკეული ელემენტების და, რაც მთავარია, – მისი აუცილებლობის საკითხებში.

რეკომენდაციები

მასწავლებლები

  • მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით უნდა შემუშავდეს ღონისძიებათა თანმიმდევრული გეგმა. ამისთვის საჭიროა, გაანალიზდეს უკვე ჩატარებული სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები საკითხების მიხედვით (ამ გზით გამოიკვეთება პრობლემური თემატიკა), დადგინდეს რეიტინგული სიები (კონკრეტული პიროვნებების მიუთითებლად) იმის ნათელსაყოფად, თუ რომელი უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულებმა და რომელი თაობის მასწავლებლებმა აჩვენეს სასერტიფიკაციო გამოცდებზე საუკეთესო ან ყველაზე უარესი შედეგი. ეს საშუალებას მოგვცემს, გააზრებულად ჩამოვაყალიბოთ შემდგომი მოქმედების გეგმა.
  • შესაცვლელია მასწავლებელთა ტრენირების არსებული სისტემა, რადგან 20-სათიანი ერთჯერადი ტრეინინგი,იშვიათი გამონაკლისის გარდა, მიზანს ვერ აღწევს. ამ სიტუაციის გამოსასწორებლად მხოლოდ სათანადო ინფრასტრუქტურის (მაგ., მასწავლებელთა სახლის) შექმნა არ კმარა. საჭიროა კარგად მოფიქრებული სისტემის აწყობა მუდმივი მონიტორინგისა და მასწავლებელთა მიღწევების შეფასების მექანიზმების გათვალისწინებით. პირველ რიგში უნდა განისაზღვროს პრობლემური საკითხები, შეიქმნას მიზნობრივი პროგრამები და შემდეგ ჩატარდეს სისტემატური ტრეინინგები. ასევე სერიოზულად უნდა გადაისინჯოს თვით ტრენერთა მომზადების სისტემა და პროგრამები.
  • კვალიფიკაციის ამაღლების გარდა, მასწავლებელს სჭირდება მუდმივი მხარდაჭერა და ხელშეწყობა არა მარტო სკოლის დირექციის, არამედ მთელი სახელმწიფოს მხრიდან, რათა მან იგრძნოს, რომ იგი სასკოლო განათლების მართვის პროცესის სრულუფლებიანი მონაწილეა, რომ მისი პროფესია პრესტიჟული და მნიშვნელოვანია. ამ მხრივ მნიშვნელოვანია აგრეთვე პირობების შექმნა ახალი კადრების მოსაზიდად.

სწავლება და გამოცდები

  • სკოლამ უნდა აღიდგინოს დაკარგული პრესტიჟი და დანიშნულება.
  • საჭიროა კლასებში მოსწავლეთა რიცხვის შემცირება 20-25-მდე; წარმოუდგენელია, რომ 30-40-კაციანმა კლასმა,არსებული ღარიბი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის პირობებში, თუნდაც გამოცდილი და კვალიფიცირებული მასწავლებლის ხელში, შეძლოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიღწევა, როგორც თეორიული ინფორმაციის ათვისების, ისე პრაქტიკული საგნობრივი და ზოგადი უნარ-ჩვევების ფორმირების სფეროებში. Aამ პირობებში ჩატარებული მეცადინეობები კვლავ ტრადიციული, უპირატესად ლექციური ხასიათისაა და მინიმალურ შედეგს იძლევა.კლასებში მოსწავლეთა რიცხვის შემცირება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაც ჰქონდა გათვალისწინებული (ეს ხაზგასმული იყო ეროვნული სასწავლო გეგმის თითქმის ყველა რედაქციაში), მაგრამ იმ ფონზე, რომ სკოლების ნაწილი დაიხურა, ვითომდა მათი ოპტიმიზაციის მოტივით, ეს მიზანი ვერ განხორციელდა.
  • მიზანშეუწონლად მიგვაჩნია საატესტატო გამოცდების შემცირება ან გაუქმება. პირიქით, ისინი რამდენადმე უნდა გართულდეს, რათა გამოდგეს იმის შესაფასებლად, შეძლო თუ არა სკოლამ თავისი მიზნის მიღწევა _ მოსწავლისათვის ზოგადი განათლების მიცემა. ამასთან, საგამოცდო საგნების ჩამონათვალი მოსწავლეებისათვის წინასწარ ცნობილი არ უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში იმავე შედეგს მივიღებთ, რაც უკვე ვნახეთ საატესტატო გამოცდების გაუქმების შემდეგ.
  • გამოცდები უნდა გართულდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაიზრდება სწავლების ხარისხი, ანუ მოსწავლეებს უნდა მოვთხოვოთ ზუსტად იმის უკუგება, რაც მივეცით.
  • თუ საატესტატო გამოცდების ჩატარება სკოლას მიენდობა, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მისი პრესტიჟის ამაღლებას, მაგრამ, კორუფციული გარიგებების ცდუნებისა და მოსწავლეების განსხვავებულ პირობებში ჩაყენების თავიდან ასაცილებლად, ზემოდან უნდა განისაზღვროს ჩასაბარებელი გამოცდების სახე და რაოდენობა, აგრეთვე გამოცდების ფორმატი; ამავდროულად დაწესდეს გამოცდების მიმდინარეობის მკაცრი კონტროლი და მონიტორინგი. სკოლამ მხოლოდ უნდა ჩაატაროს გამოცდები ერთიანი სტანდარტის მიხედვით.

გაგრძელება შემდეგ პოსტში, კვირას, 09 დეკემბერს

Leave a comment

Filed under Uncategorized

მოგესალმებით “დიოგენეს” პედაგოგთა კლუბში!

Diogene-facebook-5

მოგესალმებით!
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება “დიოგენეს” პედაგოგთა კლუბში!
ეს კლუბი შეიქმნა მათთვის, ვისაც სკოლა და საგანმანათლებლო პროცესი აინტერესებს.   იმედი გვაქვს, რომ ამ ბლოგზე გამართული მსჯელობა საინტერესო და ნაყოფიერი იქნება.  აქ ყველა მსურველი შეძლებს გამოხატოს თავისი აზრი წამოჭრილ საკითხებზე.

კლუბის ძირითადი მიზნები და მიმართულებები, რომლებიც უფრო ზუსტ წარმოდგენას შეგიქმნით ჩვენი კლუბის შესახებ:

“დიოგენეს” პედაგოგთა კლუბის ძირითადი ამოცანებია:

მიმართულებები

  • მსჯელობა განათლების რეფორმის შესახებ;
  • სასკოლო სახელმძღვანელოების განხილვა;
  •  კონკრეტული დისციპლინების სწავლების მეთოდები და სქემები;
  •  საატესტატო და სააბიტურო გამოცდები.

მიზნები

  •  სასკოლო განათლების საკითხებზე საჯარო მსჯელობის წამოწყება;
  •  დისკუსია განათლების რეფორმის დადებით და უარყოფით მხარეებზე;
  •  სასკოლო სახელმძღვანელოების შეფასება პრაქტიკოსი პედაგოგების მიერ: დადებითი და უარყოფითი მხარეები, სირთულე, მოსწავლეების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინება, საგანთაშორისი კავშირების გათვალისწინება, ტერმინოლოგიის ადეკვატურობა, სავარჯიშოების, პრაქტიკული სამუშაოების, საჭიროების შემთხვევაში _ ამოცანების არსებობა-არაარსებობა.
  •  დისკუსია კონკრეტული დისციპლინების სწავლების მეთოდებზე: რომელ კლასში რა მოცულობით, რა მეთოდით უნდა ისწავლებოდეს თითოეული საგანი; რა სირთულეებს აწყდებიან პედაგოგები სწავლებისას, როგორ ხედავენ ამ სირთულეთა გადაჭრის გზებს.
  •  საატესტატო და სააბიტურო საგამოცდო პროგრამების შესაბამისობა ეროვნულ სტანდარტთან, გამოცდების ეფექტურობის შეფასება არსებული გამოცდილების საფუძველზე, მოსაზრებები გამოცდის ალტერნატიულ გზებზე.
  •  “დიოგენეს” თანამშრომლებისა და ავტორების გამოცდილების გაზიარება პედაგოგთა ფართო წრისათვის, პრაქტიკული დახმარების გაწევა სხვადასხვა საგნის სწავლებისას წამოჭრილი პრობლემური საკითხების გადაჭრის საქმეში.

School_cliparts

3 Comments

Filed under Uncategorized